დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის სამაშველო სამსახურის სამი თანამშრომელი, ,,რეაბილიტაციის კურსის” გასავლელად, ოჯახებით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია. ამის შესახებ, აფხაზ ჟურნალისტებს, ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაცაიათა მინისტრმა ლევ კვიწინიამ აცნობა.
,,დონეცკში ჩვენი ბოლო ვიზიტისას, საომარ მოქმედებებში დაშავებულ ჩვენს კოლეგებს შევთავაზეთ, რეაბილიტაცია აფხაზეთში გაევლოთ. ოჩამჩირის ერთ-ერთ პანსიონატში, თავიანთი ოჯახებით, დღეს სამი დონეცკელი მაშველი დავაბინავეთ. ეს არის დახმარების პირველი ეტაპი. მომავალში ვეცდებით, ომში დაშავებული კოლეგების მეტ რაოდენობას ვუმასპინძლოთ.” - განაცხადა კვიწინიამ.
მისი თქმით, მათ აქვთ ე. წ. ,,სამაშველო ძმობა” და ეხმარებიან ყველას, ვინც მათ მიმართავს.
,,ეს არ არის პოლიტიკა. ჩვენ მზად ვართ, დახმარების ხელი გავუწოდოთ ყველას, ეს იქნება დონეცკში, ლუგანსკში თუ სადმე სხვაგან დაშავებული კოლეგა.” - აღნიშნა აფხაზმა ჩინოვნიკმა. დონეცკელი მაშველები ოკუპირებულ აფხაზეთში ათი დღის განმავლობაში დარჩებიან.