ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელ მდგომარეობაზე სოხუმში გუშინ იმსჯელეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ე. წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თავის ადმინისტრაციაში ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წევრები, რაიონებისა და ქალაქების ხელმძღვანელი პირები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები შეკრიბა.
მან აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სავალალო მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა და ყველას ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდა.
,, როგორც ხელისუფლების, ისე იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ამ ობიქტების დაცვა ევალება, შესაბამისი ქმედებები თუ არ განხორციელედა, სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება.
ძეგლები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს, დღეს განადგურების პირას არის.”- განაცხადა ხაჯიმბამ.
მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აფხაზეთში არსებული ეკლესიებისა და ტაძრების ამჟამინდელ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ თავად მოინახულა რამდენიმე მათგანი.
,,საკუთარი თვალებით ვნახე, რა მდგომარეობაშია სიმონ კანანელის ტაძარი ახალ ათონში. გასაგებია, რომ იქ არქეოლოგიური გათხრები აწარმოეს, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი სათანადოდ ხომ უნდა მოწესრიგებულიყო?
დღეს მის გარშემო უშველებელი თხრილია.
ვნახე, რა მდგომარეობაშია დრანდის ტაძარი, სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.
გაახლების და აღდგენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად მათ ჩვენ ისტორიული სახე დავუკარგეთ. ამით კი ჩვენს ქვეყანას ვავნეთ...
გულირიფშში დანგრეულია არქიტექტურული ძეგლი.
განა, ჩვენ არ ვიცით, სად წაიღეს ის აგურები? პროკურატურას ვთხოვ, გაიაროს ცენტრალურ გზაზე და ამ აგურებს, აუცილებლად იპოვის, რადგან ის სხვებისგან ბევრად განსხვავდება. მერე ჰკითხეთ მათ, ვინც აგური მშენებლობაში გამოიყენა, საიდან მოიტანეს, ვინ მისცათ, ვინ მიჰყიდათ?
ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ერთმანეთს სიმართლეს არ ვეუბნებით. ” - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.
მისი თქმით, ქალაქ სოხუმში მდებარე ობიექტების გარდა, სხვა რაიონებსა და ქალაქებში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობრივი პარამეტრები შესაწავლილი არ არის.