ოკუპირებული აფახზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იტალიაში, მაურო მურჯიამ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
როგორც უწყებაში ამბობენ, მის მიერ დატოვებულ წერილს პოლემიკური პამფლეტის ხასიათი უფრო ჰქონდა და სამინისტროს მიმართ ,,უსამართლო და უსაფუძვლო პრეტენზიებს” შეიცავდა.
ამიტომ, მისი თხოვნა ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მალევე დააკმაყოფილა. ამიერიდან, მურჯია იტალიაში აფხაზეთის ინტერესების დამცველი აღარ იქნება.
ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზურ მედიაში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, უწყების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, სადაც მაურო მურჯიას მრავალ სამსახურეობრივ და ფინანსურ დარღვევაში ადანაშაულებენ და მის არაეთიკურ საქციელებზე საუბრობენ.
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ევროპის ქვეყნებში აფხაზეთის ინტერესების ლობირებისთვის მურჯიას საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა დანიშნული და დაროდადრო ბონუსებსაც იღებდა, თუმცა მისი გული მაინც ვერ მოიგეს. ბოლო პერიოდში კი მურჯიას უარყოფითი ქმედებები მეტად თვალსაჩინო გახდა.
,,ბატონი მურჯია სამინისტროსთან შეუთანხმებლად ჩვენს სიმბოლიკას იყენებდა და დოკუმენტებს აფხაზეთის სახელით ხელს აწერდა. ასევე, ჩვენი ნებართვის გარეშე, სხვადასხვა ქვეყანაში შეხევდრებს მართავდა.
ამას გარდა, თვითნებურად, საგარეოს საქმეთა სამინისტროს ხარჯებით, იტალიიდან სტუმრები ჩამოჰყავდა.
ცოტა ხნის წინ, მან ასე უნებართვოდ აფხაზეთში ერთ-ერთი მასონური ორგანიზაციის წარმომადგენელი ჩამოიყვანა, რომელიც აქ თავიანთი ორგანიზაციის ფილიალის გახსნას ცდილობდა.” - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებიდან ირკვევა, რომ მურჯია სისტემატურად ატყუებდა იმ სამსახურის ხელმძღვანელობას, სადაც მუშაობდა და მათ ფინანსებს ფლანგავდა.
,,აფხაზეთის აღიარების მოთხოვნის მიზნით, ის შეგვპირდა, რომ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში გაემგზავრებოდა, სინამდვილეში კი ჩვენი ფინანსებით მურჯია სულ სხვა, ისეთ ქვეყანაში აღმოჩნდა, რომელიც არც ჩვენი და არც რუსეთის მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩევა. იქიდან, თავის მეგობრებთან ერთად, მეორე ქვეყნის საკურორტო ქალაქში ჩაფრინდა.
ამის შესახებ ჩვენ რუსეთის საგარეო უწყების მხრიდან შევიტყვეთ.” - წერს ოკუპირებული აფხაზეთის საგრეო საქმეთა სამინისტრო.
კიდევ ერთი ბრალდება, რასაც მურჯიას მიმართ გამოთქვამენ, ისაა, რომ ის აფხაზ ახალგაზრდებს იტალიის ვიზების გაფორმებასა და იტალიაში სასწავლებლად გაგაზვნას ჰპირდებოდა. ამ მიზნით, მან რამდენიმე მოქალაქისგან სოლიდური თანხაც აიღო, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია.
შეგახსენებთ, რომ მაურო მურჯია ოკუპირებული აფხაზეთის საგრეო საქმეთა სამინისტრიოს წარმომადგენლად იტალიაში 2012 წელს დაინიშნა.
მისი ხელშეწყობით, ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმა სხვადსხვა დროს იტალიის რამდენიმე ქალაქში შეხვედრები გამართეს და ზოგიერთ მუნიციპალიტეტთან მეგობრობის ხელშეკრულება გააფორმეს.