სოფელ ჭერემისთავის წყალსაცავში წყლის დონის მომატების შედეგად დაზიანებული დამცავი ჯებირის გარკვეული გამაგრებითი სამუშაოები უკვე შესრულებულია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის პირველმა მოადგილე გიორგი სიბაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და საგანგებო სიტუაციათა სამსახურები ჯებირის შეკეთებას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ.
"ამ წუთებში ველისციხეში ვიმყოფები. ადგილზე, სადაც არსებობს საშიშროება, რომ წყალსაცავში წყლის დონის მატებამ ჯებირი გამოანგრიოს, გუბერნატორის ხელმძღვანელობით საგანგებო სამსახურები მუშაობენ. ჯებირის გარკვეული გამაგრებითი სამუშაოები უკვე შესრულებულია, რის გამოც, ამ დროისთვის განსაკუთრებული საფრთხე არ გვემუქრება", - განუცხადა სიბაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
რწმუნებულის მოადგილის ინფორმაციით, ამჟამად გურჯაანში არ წვიმს, თუმცა ღრუბლიანი ამინდია.
შეგახსენებთ, რომ კახეთში, სტიქიური უბედურების თავიდან აცილების მიზნით საგანგებო შტაბი მუშაობს. წყლის მოვარდნა დიდწილად იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ წვიმები გაგრძელდება და წყალსაცავში წყლის დონე აიწევს.
გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში წყალდიდობის საფრთხის გამო გვიან ღამით 700-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ჭერემისთავის წყალსაცავში წყლის დონის მომატებამ დამცავი ჯებირი დააზიანა და სოფელ ველისციხეს დატბორვის საფრთხე შეიქმნა. რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია საღამოს დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. ველისციხელების ნაწილი მეზობელ სოფლებში ახლობლებთან, ზოგი კი, კულტურის სახლის შენობაში შეასახლეს.
წუხელვე ველისციხეში გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ჩავიდნენ.
სოფლიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე ეაკუაციის შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული გიორგი ღვინიაშვილი ხელოვნური წყალსაცავთან არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლის მიზნით ღამე გაემგზავრნენ და ამ დრომდე საფრთხის ადგილზე რჩებიან.
წყალსაცავი, რომელიც ველისციხეს დატბორვის საფრთხეს უქმნის, 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და 28 მეტრის სიღრმის არის. ჭერმის წყალსაცავთან უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ყველაფერს კეთდება, რომ წყალსაცავის ნელი რეჟიმით დაცლა მოხდეს.