კახეთში, სტიქიური უბედურების თავიდან აცილების მიზნით საგანგებო შტაბი მუშაობს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროში განუცხადეს.
ამასთან, თავად უწყების ხელმძღვანელის გოგა ხაჩიძის განცხადებით, რომელიც ამ დრომდე სოფელ ველისციხეში იმყოფება, წყლის მოვარდნა დიდწილად იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი თუ წვიმები გაგრძელდება და წყალსაცავში წყლის დონე აიწევს.
"წყალსაცავში არსებულ მდგომარეობას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აკვირდებიან. გადატვირთული მოძრაობის მიუხედავად, თელავი - თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრაობა თავისუფალია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის საფთხე აღარ არსებობდეს". - აცხადებს მინისტრი.
როგორც ცნობილია, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში წყალდიდობის საფრთხის გამო გვიან ღამით 700-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ჭერემისთავის წყალსაცავში წყლის დონის მომატებამ დამცავი ჯებირი დააზიანა და სოფელ ველისციხეს დატბორვის საფრთხე შეიქმნა. რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია საღამოს დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. ველისციხელების ნაწილი მეზობელ სოფლებში ახლობლებთან, ზოგი კი, კულტურის სახლის შენობაში შეასახლეს.
წუხელვე ველისციხეში გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ჩავიდნენ.
სოფლიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე ეაკუაციის შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული გიორგი ღვინიაშვილი ხელოვნური წყალსაცავთან არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლის მიზნით ღამე გაემგზავრნენ და ამ დრომდე საფრთხის ადგილზე რჩებიან.
წყალსაცავი, რომელიც ველისციხეს დატბორვის საფრთხეს უქმნის, 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და 28 მეტრის სიღრმის არის. ჭერმის წყალსაცავთან უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ყველაფერს კეთდება, რომ წყალსაცავის ნელი რეჟიმით დაცლა მოხდეს.
სოფელ ველისციხეში ამ დრომდე მობილიზებული რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველო. სოფელში სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.