ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა დღეს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე შემოწმდნენ.
მიღებული დადგენილების მიხედვით, გეგმიური ტესტირების გავლა 2015 წლიდან სახელმწიფო სამსახურში მიღების წინ იქნება აუცილებელი, ხოლო უკვე დასაქმებულები წელიწადში ერთხელ შემოწმდებიან.
ამა თუ იმ დასაქმებულ პირს არაგეგმიური შემოწმება მაშინ ჩაუტარდება, თუ მას ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღების ნიშნები ან ბე და ცე ჰეპატიტები გამოუვლინდება.
ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრ არტურ მექვაბიას თქმით, ეს არის იძულებითი ზომა.
,,ჩვენთან ისეთი სავალალო ვითარებაა, რომ იძულებულები ვართ, მსგავსი ზომები მივიღოთ. სამწუხაროდ, ტენდენცია იზრდება და ნარკოდამოკიდებული ადამიანების რიცხვი აფხაზეთში მატულობს.
არ შეიძლება დავუშვათ, რომ სახელმწიფო უწყებებში ისეთი ადამიანები მუშაობდნენ, ვინც ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარს.” - განაცხადა მან.
მინისტრთა კაბინეტის დადგენილების მიხედვით, თუ ვინმე ნარკოტესტზე უარს იტყვის, ეს წერილობით უნდა გააფორმოს და უარის მიზეზიც წერილობით ახსნას.
ნარკოლოგიური შემოწმება ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ნარკოლოგიურ დისპანსერში ჩატარდება.