ყირიმელმა თევზმჭერებმა აფხაზეთის აკვატორიაში ქაფშიაზე თევზაობის ნებართვა მოიპოვეს. ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა თემურ ეშბამ აუწყა.
გადაწყვეტილება სათავეზაო მეურნეობის აფხაზურ-რუსული კომისიის მორიგ სესიაზე მიიღეს, რომელიც 13-14 მაისს კრასნოდარის მხარის ქალაქ ტემრიუკში გაიმართა.
ეშბას თქმით, მოლაპარაკების თანახმად რუსული თევზმჭერი ორგანიზაციები ოკუპირებული აფხაზეთის წყლებში ქაფშიის მოპოვებაზე დაშვებული საერთო ქვოტიდან 15 % - ს მიიღებენ.
,,ეს იყო რუსული მხარის თხოვნა, რომელსაც ჩვენ დავთანხმდით. ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთების შემდეგ ყირიმელ მეთევზეებს თევზჭერის არეალი 30-40 %-თ შეუმცირდათ, რადგან ეს აკვატორია უკრაინის მხარეს დარჩა.
ფაქტობრივად, ყირიმელი მეთევზეები უმუშევრად დარჩნენ, ამიტომ ჩვენმა რუსმა კოლეგებმა მათი დახმარება გვთხოვეს.” - განაცხადა თემურ ეშბამ.
მისი განმარტებით, 2016 წლის სეზონისთვის აფხაზეთის აკვატორიაში თევზჭერის განსახორციელებლად 30 სეინერს დაუშვებენ, აქედან 10 რუსული კომპანიების კუთვნილი იქნება.
ისინი ყველა დაწესებულ გადასახადს გადაიხდიან და საერთო წესებს დაემორჩილებიან.
მთავარი მოთხოვნა კი ეკოლოგიური უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვაა, რომლის გარანტირების პირობითაც გაიცა მათზე ნებართვა.
ეშბა აცხადებს, რომ აფხაზეთის წყლებში რუსული თევზმჭერი გემების შემოსვლა ადგილობრივ მეთევზეებს პრობლემებს არ შეუქმნის.