სმოლენკსში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტმა კატასტროფის შესახებ რამდენიმე წამით ადრე იცოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსული მხარის ვერსია თითქოს პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი ხესთან შეჯახების გამო ჩამოვარდა, თითქმის ბათილდება. ამის შესახებ პოლონური მედიასაშუალებები იუწყებიან.
როგორც ცნობილია, დღეს პოლონეთის პროკურატურამ შავი ყუთის სტენოგრაფიული ჩანაწერები გამოაქვეყნა. აუდიომასალის გამოქვეყნებისგან პოლონურმა მხარემ მისი შინაარსის დრამატულობის გამო თავი შეიკავა, თუმცა პოლონური მედიის განცხადებით, აუდიოჩანაწერში გარკვევით ისმის მგზავრების ლოცვა და პილოტის საუბარი. ამაზე დაყრდნობით, პოლონელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ტრაგედიის მიზეზი მხოლოდ ხის ტოტებთან შეჯახება არ გახლავთ. ვრცელდება შემდეგი დეტალიც - რუსული მხარის ინფორმაციით, თვითმფრინავი ხის ტოტებს 300 მეტრის სიმაღლეზე შეეჯახა, საპირისპიროს ამტკიცებს პოლონეთის პროკურატურა: მათი თქმით, თვითმფრინავი კატასტროფის დროს რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.
ამასთან, პოლონური მედიასაშუალებების ინფორმაციით, სმოლენსკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ აეროდრომზე ასაფრენი ბილიკის მანიშნებელი ნათურები გამოცვალეს და ელექტროგადამცემი ხაზები დაწიეს. აღნიშნული კორექტივები რუსულმა მხარემ ტრაგედიის ადგილას რუსეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების, დონალდ ტუსკისა და ვლადიმერ პუტინის ვიზიტამდე შეიტანეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პოლონეთის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებს.
გარდა ამისა, პოლონური და უკრაინული საიფორმაციო სააგენტოების და ფორუმების ინფორმაციით, კაჩინსკის ავიაკატასტროფის შემდეგ გადაღებული ვიდეოს ავტორი მოკლეს. ვიდეოზე, სავარაუდოდ, ტუ-154 პილოტს უცნობი პირები ესვრიან. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვიდეო "youtube"-ზე გავრცელდა.
როგორც პოლონეთის და უკრაინის საინფორმაციო სააგენტოები და ფორუმები იუწყებიან, ვიდეოჩანაწერის ავტორს 15 აპრილს კიევის მახლობლად უცნობი პირები თავს დაესხდნენ და ცივი იარაღით ჭრილობები მოაყენეს. დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია პოლონეთის შესაბამის უწყებებს ჯერ არ დაუდასტურებიათ..
შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს, სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია კაჩინსკა.