18 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო პროექტის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, 11:15 საათზე, მთავრობის მეთაური ბათუმში, „სოკარის“ ცენტრალური ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
12:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბრენდის მაღალი დონის სასტუმრო „ჰილტონს“ გახსნის.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებსა და რაიონების გამგებლებთან. 14:00 საათზე კი, მთავრობის მეთაური, ახლად გახსნილ სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოში მოღვაწე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს აჭარის ეკონომიკურ პოტენციალს წარუდგენს.
პროექტის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ წარდგენა აჭარით სრულდება. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სამთავრობო პროგრამა რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას, საწარმოების აღდგენას და რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.