სმოლენსკში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით პოლონურმა მხარემ ახალი რუსეთის საწინააღმდეგო დეტალები გამოკვეთა. პოლონური მედიასაშუალებების ინფორმაციით, სმოლენსკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ აეროდრომზე ასაფრენი ბილიკის მანიშნებელი ნათურები გამოცვალეს და ელექტროგადამცემი ხაზები დაწიეს. აღნიშნული კორექტივები რუსულმა მხარემ ტრაგედიის ადგილას რუსეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების, დონალდ ტუსკისა და ვლადიმერ პუტინის ვიზიტამდე შეიტანეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პოლონეთის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, სმოლენსკში დაღუპული ყველა ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებულია. დაღუპულების ცხედრებს 23 აპრილს, მოსკოვიდან პოლონეთში ორი სამხედრო თვითმფრინავით გადაასვენებენ. მათ შორის, პოლონეთის სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელის და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელის ცხედრებს.
შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს, სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია კაჩინსკა.