ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დააკმაყოფილა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის რაულ ლოლუას განცხადება, პოსტის დატოვების თაობაზე და ამ თანამდებობაზე 2015 წლის 14 ივნისს ხელმოწერილი ბრძანებულებით ბესლან ხაგბას კანდიდატურა დაამტკიცა. ამის შესახებ ხაჯიმბას ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა რაულ ლოლუამ, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით რაულ ხაჯიმბას 13 მაისს მიმართა.
ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი მისი უწყების თანამშრომლებს შორის მომხდარი გახმაურებული კონფლიქტი გახდა, რომელმაც აფხაზურ საზოგადოებაში დიდი ხმაური გამოიწვია.
თვითმხილველების მონათხრობით, 7 მაისს სოხუმის ცენტრში, სასტუმრო ,,რიწასთან“ პატრულირებისას ქალაქის მილიციის ორ თანამშრომელს თავს სახელმწიფო დაცვის სამსახურის რამდენიმე წევრი დაესხა. ისინი ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს წარსულში არსებული კონფლიქტის გამო პასუხს სთხოვდნენ. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მალე ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც მილიციის თანამშრომლები მძიმე დაზიანებებით სოხუმის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, ასევე თვითმხილველების თქმით, რაულ ხაჯიმბა თავად მივიდა სოხუმის მილიციის განყოფილებაში და მის უფროსს დიმიტრი დბარს სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა.
მოგვიანებით კი გადადგომის შესახებ განცხადება რაულ ლოლუამაც დაწერა.
ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ის 2014 წლის 15 ოქტომბრიდან იკავებდა.