სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ახალციხეში იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიურო გახსნა.
ახლად გახსნილი ბიურო ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები მოქალაქეებს ყველა სახის სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევენ, იურიდიული დოკუმენტების შედგენაში დაეხმარებიან და სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფენ.
კალმახელიძის თქმით, ახალციხეში იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს ამოქმედებით სამინისტროს საშუალება ექნება უფრო მეტად დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, მათ ვისაც იურიდიული დახმარება ესაჭიროება და ამის საშუალება არ აქვთ.
იურიდიული დახმარების ბიუროს გახსნას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი - ჯეიმი მაკგოლდრიკი და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი - ირაკლი კობიძე ესწრებოდნენ. UNDP-ის ორწლიანი პროექტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ხორციელდება, იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარებას ემსახურება.