იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერების განმარტებებს დღეს სპეციალური პრეს-კონფერენცია მიუძღვნა.
მისი ვარაუდით, ზოგი, კონსტიტუციური ჩანაწერების ინტერპრეტირებას განძრახ ახდენს, ზოგს კი მართლაც არ აქვს სათანადო ცოდნა.
ხმალაძის განცხადებით, ყველა მინისტრის დანიშვნა თანამდებობაზე, ანუ დანიშვნა მინისტრად და არა მოვალეობის შემსრულებლად, ეს იყო არა მხოლოდ უფლება პრემიერ-მინისტრისა, არამედ მისი ვალდებულება.
,,მთავრობის მთელი შემადგენლობა, დაწყებული პრემიერ-მინისტრით და დამთავრებული 18 მინისტრით, არიან, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, სახელმწიფო მინისტრები და არა მოვალეობის შემსრულებლები. მეორე – პარლამენტს წარედგინება ნდობის მისაღებად მთავრობის განახლებული შემადგენლობა. ვისაც არ ესმის სიტყვა "განახლებულის" მნიშვნელობა, გადაშალოს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი და ნახოს რას ნიშნავს. ეს არის რაღაც არსებულის შეცვლა ახლით, სხვაგვარით. მაგალითად, მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა ან გათავისუფლება ეს არ არის მთავრობის განახლება. განახლება ხდება მაშინ, როცა გათავისუფლებულ ადგილზე დაინიშნება ახალი მინისტრი. მთავრობის განახლებული შემადგენლობა არის ის შემადგენლობა, რომელიც გვაქვს მას შემდეგ, როდესაც ერთი მინისტრის ნაცვლად ინიშნება სხვა მინისტრი. კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ მთავრობის შემადგენლობა შეიცვალა 1/3-ით, პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგენს ამ შემადგენლობას ნდობის მისაღებად. ე.ი. პრეზიდენტის ვალდებულებაა, რომ ერთი კვირის ვადაში წარუდგინოს. იქნება ეს ამ კვირის პირველი დღე, მეხუთე დღე თუ მეშვიდე დღე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მერვე დღე არ შეიძლება იყოს. ამის შემდეგ კი პარლამენტი იწყებს ნდობის გამოცხადების პროცედურას და ეს არის საკომიტეტო მოსმენები მთავრობის წევრებთან, გამოსვლები ფრაქციებთან, უმცირესობასთან, უმრავლესობასთან და ბოლოს პლენარულ სხდომაზე განხილვა”,- განმარტავს დეპუტატი.
მისივე თქმით, თუ მთავრობამ ნდობა მიიღო, ის გააგრძელებს თავის საქმიანობას და არანაირი აქტი ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისა ან პრემიერ-მინისტრის მიერ მინისტრების დანიშვნისა, აღარ გამოიცემა.
,,ამის საჭიროება არ არის, ვინაიდან ასეთ ვითარებაში ნდობის გამოცხადება ემსახურება ერთადერთ რამეს – ეს არის განახლებული მთავრობისთვის ნდობის დადასტურება, ანუ პარლამენტმა უნდა დაადასტუროს, რომ მას კვლავ ენდობა. თუ პარლამენტმა მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა და ვერ მიიღო მან კენჭისყრისას 74, ან მეტი ხმა მაშინ, კონსტიტუციის მე-80 მუხლის შესაბამისად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას ხელმეორედ უნდა ეყაროს კენჭი 30 დღის ვადაში – ეს შეიძლება იყოს მე-2 დღესვე, შეიძლება იყოს 30-ე დღეს. თუ მეორე კენჭისყრისას მთავრობამ ნდობა მიიღო, ეს იქნება სრულუფლებიანი მთავრობა და ის გააგრძელებს თავის მუშაობას, მაგრამ თუ მთავრობამ მეორედაც ვერ მიიღო ნდობა, ამის შემდეგ მთელი მთავრობა პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, გადაიქცევა მოვალეობის შემსრულებელ მთავრობად, ვინაიდან თუ ნდობა ვერ მიიღო, კონსტიტუცია ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მთავრობის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება და მასვე ეკისრება მოვალეობის შესრულება ახალი მთავრობის დამტკიცებამდე. ამის შემდეგ დაიწყება მთავრობის შექმნის პროცესი, რომელიც გაგრძელდება მე-80 მუხლის იმ ნორმიდან, რომელიც მოყვება მთავრობისთვის მეორედ ნდობის გამოცხადებაზე უარის თქმას – ანუ პარლამენტის წევრთა სულ ცოტა 2/5-მა პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. თუ ორი კანდიდატი იქნა წარდგენილი, ამ კანდიდატთაგან პრეზიდენტმა პარლამენტს უკან უნდა წარუდგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ის, რომელსაც უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ანუ ხელმოწერა მეტი ექნება. ამ კანდიდატმა უნდა შეადგინოს მთავრობა ის სამთავრობო პროგრამასთან ერთად უნდა წარუდგინოს პარლამენტს ნდობის მისაღებად. თუ ამ მთავრობამაც ვერ მიიღო ნდობა, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია 3 დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები” - განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.