თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი ლარის გაუფასურების პროცესს ეხმიანება. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი დოღონაძის განცხადებით აუცილებელია უფრო მეტი აქტიურობა როგორც ეროვნული ბანკის, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.
„პირველ რიგში აუცილებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა 15%-დან 5%-მდე შეამციროს უცხოურ ვალუტაში ნასესხებ სახსრებზე დაწესებული მინიმალური სავალდებულო რეზერვების ნორმა კომერციული ბანკებისათვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საკრედიტო არხის გავლით დოლარის მიწოდებას ეკონომიკაში და პოზიტიურად იმოქმედებს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. აღნიშნული ნაბიჯი სებ-მა 2008 წელსაც გადადგა, როდესაც აგვისტოსა და სექტემბერში რეზერვების ნორმა ჯერ 10%-მდე, ხოლო შემდეგ 5%-მდე შეამცირა“ - აცხადებს ირაკლი დოღონაძე.
„არანაკლებ მნიშვნელოვანია აგრეთვე მთავრობის ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების კოორდინირებული მუშაობა, რათა მოხდეს ქვეყანაში ექსპორტის სტიმულირების ხელშეწყობა, კერძო სექტორის მიერ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და პრივატიზაციის პროცესის გააქტიურება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას“ - აცხადებენ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრში.