სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილმა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა თეიმურაზ იობიძემ შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს კასპის რაიონული ოფისი გახსნეს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოფისი პირობით მსჯავრდებულთა აღრიცხვის, კონტროლისა და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე იმუშავებს.
მაკასარაშვილის თქმით, კასპში პრობაციის ახალი ოფისის ამოქმედების შედეგად, გარდა იმისა, რომ პრობაციონერებს გაუმარტივდებათ მომსახურების პირობები, პრობაციის ოფიცრებს მათთან ინდივიდუალურად მუშაობის საშუალება ექნებათ, რაც ხელს შეუწყობს პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას. ასევე, თითოეული პრობაციონერის პირობითი მსჯავრის პერიოდი უფრო მიზანმიმართულად და ეფექტურად წარიმართება.
ამჟამად კასპის რაიონულ ოფისში 290, ხოლო მთლიანად, შიდა ქართლის რეგიონში, 1 670 პრობაციონერი და არაპატიმარი მსჯავრდებულია აღრიცხვაზე.