მოსკოვმა ფრანგული ვერტმფრენმზიდის "მისტრალის" ყიდვის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. განცხადება დღეს ამის შესახებ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განხრით ფედერალური სამსახურის დირექტორმა მიხაილ დმიტრიევმა გააკეთა.
"რუსეთის მიერ "მისტრალის" ტიპის გემების შესყიდვის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამჟამად აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს", _ განაცხადა დმიტრიევმა და აღნიშნა, რომ მხარეები ჯერ ჯერობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ მოლაპარაკებებში არ ჩაბმულან. მოლაპარაკებებზე რუსულ მხარეს, რუსეთის სამხედრო -საზღვაო ფლოტი "როსობორონექსპორტის" შუამავლობით უხელმძღვანელებს.
"რუსეთი საფრანგეთთან ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმებას მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებს. ჩვენ არასოდეს მოგვიწერია ხელი ასეთ მსხვილ კონტრაქტზე ამ სახის შეიარაღების შესყიდვის შესახებ, ამიტომაც დოკუმენტების გაფორმებისათვის, აუცილებელია დიდი რაოდენობით დამატებითი ინფორმაციის მიღება",_ განაცხადა დმიტრიევმა.
მისივე ინფორმაციით, ფრანგული მხარე ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ ყველა აუცილებელი დოკუმენტი ხელმოწერისათვის მზად უკვე სექტემბერში იქნება.
აღსანიშნავია, რომ ვერტმფრენმზიდ "მისტრალის" ფასი 400 დან 500 მილიონი ევროა. სულ რუსეთს ოთხი ასეთი გემის შეძენა სურს _ ერთის მზა მდგომარეობაში, სამის კი ფრანგული ლიცენზიით რუსეთში აგება. თავის მხრივ ფრანგებს სურთ ორი მზა გემის გაყიდვა, ორის კი რუსეთში აგება.