რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს უკრაინას სამუშაო ვიზიტით ეწვევა და თავის უკრაინელ კოლეგასთან ვიქტორ იანუკოვიჩთან მოლაპარაკებებს ხარკოვში გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. მედვედევი უკრაინას პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვევა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კომპლექსურად იქნება განხილული ისეთი საკითხები, რომლებსაც "განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობებისათვის".
რუსული მედიის ინფორმაციით, მედვედევისა და იანუკოვიჩის განსახილველი ყველაზე მწვავე საკითხები უკრაინაში რუსული გაზის მიწოდება და უკრაინის ტერიტორიაზე დისლოცირებული შავი ზღვის ფლოტის ფუნქციონირების პირობების განხილვა იქნება.
ამას გარდა, მედვედევი და იანუკოვიჩი ასევე აპირებენ მოინახულონ ხარკოვის საავიაციო ქარხანა და რუსეთ-უკრაინის თანამშრომლობის გაღრმავება განიხილონ თვითმფრინავთმშენებლობის საკითხშიც.