საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქალაქ თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული "თელავის ხევი"-ს რეაბილიტაციას ახორციელებს, სამუშაოების ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. ამის პარალელურად თელავში მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 900 ათას ლარზე მეტია. ორივე პროექტის ფარგლებში 40 ადამიანია დასაქმებული. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა, თელავის მერ პლატონ კალმახელიძესთან და თელავის მაჟორიტარ დეპუტატ გელა სამხარაულთან ერთად დაათვალიერა.
თელავში არსებული ქეთევან წამებულის ხევი დაზიანებულია და წყლის მოდინების შედეგად ხდება მისი გამორეცხვა, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლებს, სავაჭრო ობიექტებსა და საავტომობილო გზას საფრთხეს უქმნის. აღსანიშნავია, რომ ხევი ქალქის ცენტრშია. პროექტი ხევის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რის შედეგადაც არსებული საფრთხე მთლიანად აღმოიფხვრება.
სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება 810 მეტრიანი სიგრძის არხის რეაბილიტაცია, მოხდება მისი პარაპეტების ბეტონით ამაღლება, არსებული დაზიანებული კომუნიკაციები კი ახლით შეიცვლება. არხი ქართული აგურით სრულად მოპირკეთდება, მოეწყობა ორი ახალი ხიდი, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტროტუარებზე კი გაკეთდება გამწვანების ზოლი და გარე განათება. სამუშაოები 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და 2015 წლის მაისში დასრულდება. რაც შეეხება ადმინისტრაციულ შენობას, ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა თელავის გამგეობის გვერდით ხდება, გარდა ახალი შენობის მშენებლობისა მოხდება გამგეობის შენობის სრული რეაბილიტაციაც, პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.