თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა სამხედრო ფინანსური თანამშრობლობის ფარგლებში საქართველოსთვის 900 000 თურქული ლირის ექვივალენტის აშშ დოლარ ფინანსურ რესურსს გამოყოფს.
აღნიშნულ ფინანსურ ოპერაციას ,,საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის“ შეთანხმება ითვალისწინებს.
სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი ხელშეკრულება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გააცნო. მისი ინფორმაციით, გამოყოფილი ფინანსური რესურსის ნაწილი მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტს, ნაწილი კი ლოგისტიკურ და არასაბრძოლო იარაღის შესყიდვას მოხმარდება. კომიტეტმა მოიწონა წარმოდგენილი შეთანხმების პროექტი და რატიფიცირებისათვის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა.
კომიტეტის სხდომაზე ,,სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელეს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი, რომელიც სამხედრო პოლიციისთვის დამატებითი უფლებების მინიჭებას და სამხედრო ფორმის ტარების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებდა, საკითხის ინიციატორ თავდაცვის სამინისტროს უკან დაუბრუნდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა სამხედრო ფორმით საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსა და პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მოქალაქე, რომელიც სამხედრო ფორმას ატარებს და მონაწილეობას იღებს მიტინგებსა და აქციებში, გარკვეული საფრთხის მატარებელია და იგი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისივე განცხადებით, კომიტეტმა და სამინისტრომ ერთობლივი მუშაობით უნდა მოამზადონ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სამხედრო ფორმიანი მოქალაქეების პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობას აკრძალავს.
სხდომის დასასრულს, კომიტეტის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის კომიტეტში მოსვლა და ანგარიშის წარდგენა კიდევ ერთხელ მოითხოვა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მინისტრის კომიტეტში მოსვლა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო და მინისტრი მზად არის უახლეს პერიოდში კომიტეტის წინაშე წარსდგეს.