ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა ოფიციალურად 17 მარტს გაიხსნება. დღეს კი, პარლამენტის შენობაში ეკონომიკური ინტეგრაციის, საკანონმდებლო და ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოების, პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის, ენერგო უსაფრთხოების და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტების სხდომები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ევრონესტის პოლიტიკური, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტის თანათავმჯდომარის რანგში ვიქტორ დოლიძემ კომიტეტის სხდომაზე წარადგინა რეზოლუციის პროექტი თემაზე: „ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ჩართულობა და თანამშრომლობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში 2014-2020 წლებში“. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს წარმოდგენილ ცვლილებებს და მხარი დაუჭირეს დოკუმენტის რედაქტირებული ვერსიის პლენარულ სხდომაზე წარდგენას.
ეს არის 2014-2020 წლების სამუშაო გრაფიკი იმ თემებთან დაკავშირებით, რომელზეც ამ წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება. „ჩვენს მიერ შეტანილი დამატებები, რომელიც აფხაზეთთან მიმართებაში გაკეთდა, ცალსახად არის მხარდაჭერილი. ტექსტში ასახულია რუსეთის დესტრუქციული ქმედებები და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის აუცილებლობა, დემოკრატიული რეფორმების გატარებისთვის მსჯელობა“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. იგი იმედს გამოთქვამს, რომ პლენარულ სხდომაზე აღნიშნული დოკუმენტი იგივე წარმატებით იქნება მხარდაჭერილი, როგორც კომიტეტის სხდომაზე.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დოკუმენტის მიღებას იგივე წარმატებით შევძლებთ, როგორც კომიტეტის სხდომაზე. ქართული მხარის მიერ მომზადებულ და ქართული მხარის თავმჯდომარეობით გამართულ კომიტეტის სხდომაზე მიღებულ დოკუმენტში ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი ჩანაწერები გაკეთდა. კომიტეტმა დღეს ტექსტში 72 დამატება მიიღო, დელეგაციებთან შეთანხმებით, მოხერხდა ოპტიმალური ვარიანტის შეჯერება“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
რეზოლუციაში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა უკრაინასთან მიმართებაში და აღინიშნა, რომ ეს პროცესები რუსეთმა ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოში დაიწყო. შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზეც, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას აუცილებლად დასჭირდება ფინანსური დახმარება, რაც ცალკე პარაგრაფად არის გამოყოფილი. ასევე, ცალკე მუხლში გაიწერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის ევრონესტის მეოთხე პლენარულ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ქართული დელეგაცია, ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით, ერევანს 15 მარტს ეწვია.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის ევრონესტის მეოთხე პლენარული სხდომა მუშაობას 18 მარტს დაასრულებს, სადაც კომიტეტების სხდომებზე განხილულ რეზოლუციებს დაამტკიცებენ.
საქართველოდან საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ანი მიროტაძე, გია ჟორჟოლიანი, ეკა ბესელია, გიგლა აგულაშვილი, გიგა ბუკია, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი ჟვანია შედიან.