საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე იტალიური სამშენებლო კომპანია INC-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მან კომპანიის წარმომადგენლებს სამინისტროს ძირითადი მიმართულებებები გააცნო, ასევე უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
იტალიურმა მხარემ ქართულ ბაზარზე შემოსვლის სურვილი და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართვის ინტერესი გამოთქვა. კომპანიის წარმომადგენლებმა გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სფეროში საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრეს.
იტალიური კომპანია INC გასული საუკუნის 60-იან წლებში დაარსდა და ინფრასტრუქტურული პროექტების-გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობას 5 ათწლეულის მანძილზე უწყვეტად ახორციელებს. კომპანიას აშენებული აქვს FIAT group-ის რამდენიმე შენობა ტურინში, იტალიის თავდაცვის სამინისტროს შენობა, ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობები ტურინსა და პიომბინოში და ა.შ. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კომპანიამ საქმიანობის არეალი მნიშვნელოვნად გააფართოვა და საავტომობილო მაგისტრალების მშენებლობას მიჰყო ხელი. სწორედ აღნიშნული კომპანიის აშენებულია ავტომაგისტრალი ძველ იტალიურ ქალაქ ფრეჯუსში და არაერთი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი. დღესდღეობით, კომპანია INC იტალიაში ერთ-ერთი უდიდეს სამშენებლო კომპანიად ითვლება.