ბათუმში, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მშენებარე სახლის კედელი ჩამოინგრა. სახლის კედელის ჩამონგრევას მსხვერპლი არ მოყოლია, მხოლოდ ქუჩაში მდგარი მანქანა დაზიანდა.
ნგრევის გამო წყლის მიწოდება შეუწყდათ 5-სართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებს, რომლებმაც მომხდარი ქუჩაში აქციით გააპროტესტეს.
შპს „როიალ-ბათუმის“ მიერ მშენებარე სახლის კედელი საძირკვლის გათხრების შედეგად ჩამოინგრა. ამ კომპანიის მფლობელი აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილი ვიცე-სპიკერი, დავით ბაციკაძეა.
მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მშენებლობას ადგილობრივი მოქალაქეები მშენებლობის დაწყებიდან აპროტესტებენ. მოქალაქეების პროტესტს ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძეც იზიარებს და საპროტესტო აქციაში მასაც არაერთხელ მიუღია მონაწილეობა.