რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ჟორჟოლიანის ინფორმაცია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან „რეგიონების განვითარების საბჭოს შექმნის შესახებ“ ცნობად მიიღო.
პროექტის ავტორის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებად საქართველოს რეგიონული განვითარების საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადებების მომზადება, რეგიონული განვითარების პროცესის უწყებათაშორისი კოორდინაციის რეკომენდაციების შემუშავება, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების ანალიზი განისაზღვრა.
საბჭო ასევე შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ადგილობრივი მართვის სრულყოფის, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა გადანაწილების, ადგილობრივი ქონებისა და რესურსების გამიჯვნის, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ სფეროებში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
„რეგიონების განვითარების საბჭო“ რეგიონული ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, სოციალური განვითარების, ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოს დაცვის მიმდინარე საკითხებზე მოამზადებს წინადადებებს.
საბჭოს თავმჯდომარედ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი დამტკიცდა.
კომიტეტის წევრებმა საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღესვე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიისთვის „ჩრდილო ქართლი (ცხინვალის ოლქი)“ -ს სახელის მინიჭების შესახებ“ განიხილა, რომელიც ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქი“-ს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულისათვის, „ჩრდილო ქართლის (ცხინვალის ოლქის)“ სახელის მინიჭებას გულისხმობს.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება.