საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლების ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 831 384,37 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დღეს ადგილზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გზის საფარის, მიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის კიუვეტების, ლითონის მილების მოწყობა და გვერდულების გაწმენდა მიმდინარეობს. ასევე ეზოს შესასვლელებთან არსებული დაზიანებული მილების დემონტაჟი ხორციელდება.
არსებული გზა, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის 6-ზე მეტ სოფელს წნორთან და სიღნაღთან აკავშირებს, მთლიანად ამორტიზებული იყო. მას რეაბილიტაცია 1985 წლიდან არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შედეგად, 6 სოფლის მოსახლეობა, ახალი და კომფორტული გზით შეძლებს გადაადგილებას. გზის აღდგენა გააადვილებს მგზავრობას წნორამდე და სიღნაღამდე - კახეთის მნიშვნელოვან სავაჭრო და ტურისტულ ცენტრებამდე. აღნიშნული სოფლებისთვის ეს არის უმოკლესი გზა ასევე დედაქალაქთან დასაკავშირებლად.