ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე "რუსთავი 2-თან" სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მისი მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. როგორც კირკიტაძე აცხადებს ის სასწავლებლად აშშ-ში იმყოფება და უკან დაბრუნებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.
კირკიტაძის განცხადებით, ის 2011 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა და გამოძიებას თუ რაიმე კითხვა ჰქონდა მზად იყო პასუხი გაეცა.
„ 4 იანვარს წამოვედი და ეს მათ კარგად იციან, ექვს თვეში მთავრდება სასწავლო კურსი და ვერანაირად ვერ ვახერხებ საქართველოში ჩამოსვლას და დრო იხელეს და წამიყენეს ბრალი. ბრალი სასაცილოდაც არ მყოფნის. ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი გეგმების შეცვლას იმის მიხედვით, თუ რას მოისურვებს რუსი ოლიგარქი, რომელსაც ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს,” - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულ-გუბერნატორი, დავით კირკიტაძე.
გამოძიებიებამ დაადგინა, რომ 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეც-ტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს „ავტოჰაუს-რუსთავი2011“-ისა და შპს „ტიტანი 2011“-ის მიერ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ვინაიდან დავით კირკიტაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას დადგენილება ბრალდების შესახებ წარედგინება დაუსწრებლად და საქართველოს მთავარი პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობას, რისი შეფარდების შემთხვევაშიც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე უხლით.