"თავისუფალი დემოკრატები" საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატებიდან" აცნობეს, დღეს ირაკლი ალასანია ალექსი პეტრიაშვილთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და თემურ სალუქვაძესთან ერთად, ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის ინფორმაციით, ადგილობრივები ბევრი გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დგანან, კერძოდ: უმუშევრობა, ადგილობრივი თვითმმართველობის უმოქმედობა და მათ საქმიანობაში უშიშროების წარმომადგენელთა მხრიდან უხეში ჩარევა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო სესხებზე მაღალი პროცენტები და ბიზნესის დასაწყებად "სტარტაპის" პროგრამების არარსებობა. აღნიშნული პრობლემები "თავისუფალმა დემოკრატებმა" დღეს ლანჩხუთელებთან განიხილეს.
პარტიის ინფორმაციით, რეგიონში მწვავედ დგას ხე-ტყის პრობლემა, მოსახლეობას 3 თვე სჭიდება იმისთვის, რომ საკუთარ კარ-მიდამოში ხე მოჭრას და შეშად გამოიყენოს. არანაკლებ მწვავეა განათლების საკითხი.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა რეგიონში მომუშავე პედაგოგებთანაც დეტალურად განიხილეს მათთვის პრობლემური თემები.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, ისევ პრობლემაა კრიმინალი, ასევე საქართველოს რეგიონებში ხელისუფლებასთან კომუნიკაციის და ზოგადად, კომუნიკაციის პრობლემაა.
"თავისუფალი დემოკრატების" ცნობით, ირაკლი ალასანიამ და ალექსი პეტრიაშვილმა დეტალურად ისაუბრეს პარტიულ გეგმებზე, იმ ნაბიჯებზე, რომელსაც პარტია გადადგამს. მათ ლანჩხუთელებს პარტიის ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "თავისუფალი დემოკრატები" გააცნეს, რომელიც ყოველთვიურად გამოვა და რეგიონებში დარიგდება.
მასალის გამოყენების პირობები