დღეს, 15 აპრილს, გორის ადმინისტრაციულ შენობაში "მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს" პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას გერმანიის ფედერაციის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრაზე ადგილობრივი ეკონომიკის პროექტის პრეზენტაციაც გაიმართება, რომელიც მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.
მოქალაქეთა მომსახურების ბიურო დაკომპლექტდება გუბერნატორის აპარატის, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს კანცელარიების, იურისტების, ასევე, სხვადასხვა შიდა სამსახურის თანამშრომლებით, რომლებიც შენობაში შესულ ნებისმიერ მოქალაქეს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფენ და პრობლემური საკითხების გადაჭრაში დაეხმარებიან.
აქვე ამუშავდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვაც, რაც მოქალაქეთა მიმართვებზე რეაგირებას უფრო ოპერატიულსა და მოსახერხებელს გახდის.
ბიურო გერმანიის ფედერაციის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს დაფინანსებით და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით შეიქმნა.