ქალაქ ფოთში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ახალი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალი და ფოთის სერვისცენტრი გაიხსნა. თანამედროვე ტექნიკითა და წყლის ხარისხის მაკონტროლებელი მობილური და სტაციონარული ლაბორატორიით აღჭურვილი ოფისი დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ვლადიმერ ლაზარიშვილთან, სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ახალი რეგიონული ფილიალი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 8 სერვისცენტრის ეფექტიან ფუნქციონირებას გაუწევს კოორდინაციას. ფოთის სერვიცენტრი 20000 ფიზიკურ და 840-ზე მეტ იურიდიულ პირს მოემსახურება. ახალი სერვისცენტრის აბონენტები ქალაქ ფოთის მოსახლეობის გარდა, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის მაცხოვრებლებიც არიან, რომლებიც სასმელი წყლით ფოთის 700მმ-იანი დიამეტრის მქონე მკვებავი მილის მეშვეობით მარაგდებიან. ახალ სერვისცენტრში ყველა პირობაა შექმნილი, როგორც აბონენტთა ოპერატიული და მაღალი ხარისხის მომსახურებისათვის, ასევე ქალაქში წარმოებული პროფილაქტიკური თუ სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და დავალიანებების შესახებ დროული ინფორმაციის მისაღებად.