ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საკუთარი მთავრობის და რუსეთის მიმართ უკმაყოფილებას ვერ მალავს, რადგან არცერთმა მათგანმა მიცემული პირობა არ შეასრულა.
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარების გამოსწორებას ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს აკისრებს და პრობლემის მოგვარებას მათ ხელმძღვანელს, რაულ ლოლუას თხოვს.
ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ მზად არის კრიმინალთან საბრძოლველად, თუმცა, შემდგომი რეფორმების გატარებასა და მისი უწყების სათანადო მუშაობას ხელს ფინანსების სიმცირე უშლის.
,,იმ მაღაზიების მფლობელები, რომლებიც ავტომანქანის ნაწილებით გვამარაგებენ, ჩვენგან ორი თვეა ვალს ითხოვენ. გვეუბნებიან, რომ თუ კუთვნილ თანხას დროზე არ ჩავურიცხავთ, ჩვენთან პარტნიორობას შეწყვეტენ.
შსს-ს დღეს რეალურად ელემენტარული თანხის გადახდა არ შეუძლია. პატრულის თანამშრომლებისთვის ახალი უნიფორმები ბანკიდან აღებული სესხით შევიძინეთ. ეს ვალიც სამინისტროს კისერზეა და არც მისი გასასტუმრებელი თანხა გვაქვს, რადგან სახელმწიფოსგან არაფერი გვერგება.
ამ ვითარებას რომ ხედავენ, ჩვენთან მუშაობა არავის უნდა, რადგან გამოდის, რომ გადახდისუუნარო სამინისტრო ვართ." - აცხადებს რაულ ლოლუა.
მისი თქმით, დღეს ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის საშუალო ხელფასი 10 500 რუბლია (დაახლოებით 336 ქართული ლარი). ხელისუფლება ხელფასების მომატებას კი დაჰპირდათ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ პირობას ვერ ასრულებს.
ოკუპირებული აფხაზეთის შიმაგან საქმეთა სამინისტროში, პრობლემები საწვავით მომარაგების სფეროშიც აქვთ, ვინაიდან, ლოლუას განცხადებით, თუ ადრე, წლის განმავლობაში, 10 ტონა საწვავი სჭირდებოდათ, ახლა 15 ტონა სჭირდებათ, ვინაიდან პატრულის თანამშრომლები უფრო მეტს მოძრაობენ და მეტს მუშაობენ.
რაც შეეხება დაფინანსების შესახებ რუსეთიდან მიღებულ დაპირებას, რაულ ლოლუას თქმით, მის შესრულებას, სავარაუდოდ, ფუჭად ელოდებიან
,,მოსკოვში ჩემი ვიზიტისას მითხრეს, რომ ცალკე არანაირ დახმარებას არ გამოგვიყოფდნენ და რა თანხასაც საერთო ჯამში აგზავნიან აფხაზეთში, იქიდან აგვეღო ფინანსები." - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ლომიას განცხადებით, ხალხს, რომელთაც 24 საათის განმავლობაში უწევთ წესრიგის დამყარება და კანონის დამრღვევებთან ბრძოლა, მეტი დაფასება და სტიმული სჭირდებათ.
,,არიან ქვეყნები, სადაც სახელფასო განაკვეთი არც ისე მაღალია, მაგრამ ადამიანები, ვინც ხელფასზე არიან დამოკიდებულნი, სოცილაური პაკეტით სარგებლობენ. ჩვენ არც შესაბამისი ხელფასი გვაქვს, არც წახალისების მექანიზმი და სოციალურ პაკეტებზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
გამოდის, ჩვენ ომში მოგვისროლეს, შეიარაღება და საბრძოლო მასალა კი არ მოგვცეს." - ამბობს რაულ ლოლუა.