დილიდან, მოძრაობა თავისუფალია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილოო გზაზე, სადაც მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდული იყო.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს გარკვეული შეზღუდვები ნარჩუნდება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. ამავე გზის ქვეშეთი-სეთურების და კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია კმ31-კმ70 მონაკვეთზე, ხოლო კმ71-კმ188 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.