ოკუპირებული აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის სოხუმის ექსპერიმენტალური პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტის თანამშრომლები პავიანის გვარის ჰამადრილების თავისუფალ ზონაში გაშვებას აპირებენ.
მსგავსი აქცია მეცნიერებმა 1977 წელს განახორციელეს, როცა მაიმუნსაშენის ბინადარი ჰამადრილები გუმისთის დასავლეთ რაიონში გაუშვეს, სადაც ისინი ადგილობრივ ბუნებაში თავისუფალ ცხოვრებას შეეჩვივნენ.
სოხუმის ეპითი-ს თანამშრომლები მათზე კარგა ხანს აწარმოებდნენ დაკვირვებას, ვიდრე 1992-93 წლებში გუმისთაზე მიმდინარე ბრძოლების შემდეგ თვალთახედვიდან არ მიიკარგნენ.
გუმისთის ტყეებში ბოლოს რამდენიმე მათგანი 2008 წელს ნახეს.
სწორედ იმავე მიდამოებში აპირებენ მაიმუნების მორიგი ჯგუფის თავისუფლად გაშვებას.
მათი აზრით, ბუნებრივ პირობებში ჰამადრილების ყოფნა, არამარტო მათზე დაკვირვების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, ეს მოვლენა ხელს შეუწყობს გუმისთის რაიონით ტურისტების დაინტერესებას.
ამას გარდა, ბუნებაში თავისუფლად მცხოვრები მაიმუნი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ვოლიერში მცხოვრებ ცხოველზე უფრო ჯანმრთელია, რაც შემდგომში მათზე კვლევების ჩატარებას უფრო ეფექტურს გახდის.
ექსპერიმენტალური პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ გუმისთის ტყიან ნაწილში ჰამადრილების გაშვების შემდეგ BBC და National Geographic-ი მათზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. თუმცა, მანამდე ამ იდეის რეალიზებისთვის გარკვეული ფინანსებია საჭირო, რომლის გაღების მსურველი ჯერ-ჯერობით ოკუპირებულ აფხაზეთში არ ჩანს.