ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის ფიქრებსა და დარიგებებს უწოდებს. როგორც ხადურმა საკითხის კომენტირებისას განმარტა ოჯახზე, ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე პატრიარქის გამონათქვამები, აბსოლუტურად მოიცავს იმ პრობლემატიკას, რომელიც საქართველოშია.
,,როგორ ყოველთვის, ძალიან მნიშვნელოვანია უწმინდესის ეპისტოლე. ეს არის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის ფიქრები და დარიგებები. ოჯახზე, ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე მისი გამონათქვამები, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად თანამედროვეა და აბსოლუტურად მოიცავს იმ პრობლემატიკას, რომელიც საქართველოშია. კარგი იქნება, თუ თითოეული ჩვენთაგანი ჩაუღრმავდება ეპისტოლეს და მიყვება იმ დარიგებას, რომელსაც ერის სულიერი მამა გვაძლევს" - განაცხადა ხადურმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ოჯახურ სიმტკიცეზე, ქალისა და კაცის პასუხიმგებლობაზე საუბრობს. როგორც უწმინდესის საშობაო ეპისტოლეშია მითითებული ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი; ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს.
,,ქრისტიანულ სწავლებაში სხვა დატვირთვა შეიძინა ოჯახურმა ურთიერთობამაც: "ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, - არამედ ქმარი; არცა ქმარია თავისი სხეულის უფალი - არამედ ცოლი" (I კორინთ.7.4), _ გვასწავლის მოციქული და დასძენს:
"ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არის ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი-თასთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესია და თავი თავისი მისცა მისთვის" (ეფ. 5.24-25).ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი; ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს.როდესაც მეფე-დედოფალი ჯვარს იწერს, ისინი მღვდელთან ერთად სამჯერ გარშემო უვლიან ანალოღიას, რომელზეც სახარებაა დაბრძანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება ერთმანეთს და ღმერთს დაუკავშირონ. ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით მადლს, რაც ქორწინების საიდუმლოს გულისხმობს; აქ ხდება ეგოისტური "მეს"-გან სრული დაცლა, რადგან ერთი პიროვნება მთლიანად უძღვნის თავს მეორეს. ისინი სიყვარულით ერთიანდებიან ქრისტეში, რათა ერთად იზრუნონ ცხონებისათვის და მეუღლეობის საკვრელით დაკავშირებულნი წარდგნენ ყოველთა მეუფის წინაშე", _ნათქვამია საშობა ეპისტოლეში.
უწმინდესის განმარტებით, ბედნიერებაა ოჯახის შექმნა, თუმცა უმთავრესია ოჯახის შენარჩუნება და გამრავლება.
,,დიდი ბედნიერებაა ოჯახის შექმნა სიყვარულით, მაგრამ მთავარია ამ მადლის შენარჩუნება და გამრავლება. როდესაც ადამიანი შეყვარებულია, იგი მისთვის სასურველ პიროვნებაში ხედავს ისეთ თვისებებს, რასაც შესაძლოა სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამ დროს ხდება მეორე ადამიანში დაფარული შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა. "რა კარგი უნდა იყოს ერთი იმედით, მსახურებითა და რწმენით ორი გულის შეერთება, - წერს ტერტულიანე. ჭეშმარიტად, ისინი ორნი არიან ერთ სხეულად განმთლიანებულნი, ხოლო სადაც ერთი სხეულია, იქ ერთსულოვნებაა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იდრეკენ მუხლს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ. თანასწორნი არიან ღმერთის წინაშე. თანაბრად ინაწილებენ დევნასა და ნუგეშს, არაფერს უმალავენ და არც ამძიმებენ ერთმანეთს..., ხედავს რა მათ ერთობას, უფალი ხარობს, სახლს მშვიდობას მოჰფენს და მკვიდრობს მათთან ერთად".
ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში შემდგომი ეტაპი არის შვილიერება. ბავშვების დაბადება და მათზე მზრუნველობა სრულყოფის კიბეზე ამაღლების ახალი შესაძლებლობაა, რადგან მეუღლეთა ურთიერთსიყვარული, ამ შემთხვევაში, გრძნობის ხელახალ გადანაწილებას ითხოვს; ადამიანი კიდევ უფრო მეტად ემიჯნება ეგოისტურ ,,მეს" და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება მსახურების არეალი, რაც ღვთის სათნო ცხოვრებას განამტკიცებს.როგორი სიფაქიზით გვწრთვნის უფალი! როგორ ნელ-ნელა და თანდათანობით ავყავართ მას უმაღლესი სიყვარულის საფეხურებზე, ყველა პირობას გვიქმნის, რომ ჩვენი დაცემული მდგომარეობისაგან გვიხსნას და მარადიული ნეტარებისთვის მოგვამზადოს.ასეთი ოჯახი, ასეთი ერთობა ქალისა და კაცისა, სიმბოლურად "მცირე ეკლესიად" იწოდება, რომლის სიმტკიცეც დაურღვეველია.
თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ყოფაში უფრო ხშირად გვხვდება ისეთი ოჯახები სადაც უგულებელყოფილია პასუხისმგებლობა და მოვალეობები; ისინი მოკლებულნი არიან ღვთის მადლს და უსიხარულოდ ცხოვრობენ ან, საერთოდაც, ირღვევიან;
უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი ოჯახური სიწმინდის წინააღმდეგ არის მიმართული. ბოლო პერიოდში კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რაც ქორწინებისთვის ახალგაზრდების მოუმზადებლობით არის განპირობებული", -ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.