1-ლი იანვარი მართმადიდებელი წმინდანის, ბასილი დიდის ხსენების დღეს ემთხვევა. საქართველოს ბევრ კუთხეში ახალი წელი ამ დღესასწაულთან იყო შერწყმუული. ამიტომ პურებს, რომელსაც სიმბოლურად აცხობდნენ ახალი წლისთვის, ბასილას პურებს ეძახდნენ. საქართველოში ახალ წელს თან ახლდა მისი აუცილებელი ატრიბუტი - ჩიჩილაკი, რომელსაც "ბასილას წვერებსაც" ეძახდნენ.
იგი წმინდა ბასილის სახელს უკავშირდება და, რასაკვირველია, ქრისტიანობის ხანაში უნდა დამკვიდრებულიყო. თუმცა მორთული ხის სიმბოლიკაც ძალიან ძველია და ნაყოფიერებას უკავშირდება.
ჩიჩილაკი, ხის ფორმის რიტუალური საგანი. მზადდებოდა საახალწლოდ მიკვლევა-მილოცვისათვის. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში. არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე ნაირსახეობა, რომელთაგან განსაკუთრებით სრულყოფილი ჩანს გურული კალპიანი ჩიჩილაკი.
ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისაგან. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და ზეაკეცავდნენ. ოსტატი ასობით გრძელ ბურბუშელას აჭრიდა და აკეცავდა. მათ ჩიჩილაკის ან "ბასილას" წვერი ერქვა. აკეცილ ბურბუშელებს შემდეგ ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და გამოვიდოდა ხის მსგავსი საგანი, რომელსაც ძირზე უმაგრებდნენ სადგარს. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის სახედ ჩასვამდნენ წვერწამახულ ჯოხებს, რომელთა ბოლოებზე ჩამოაცვამდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს, ორ სფერულ კვერცხს, ე. წ. "ყვინჩილებს". ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ გაპუტულ შაშვს, რომელისაც ფრთისა და ბოლოს ბუმბულს უტოვებდნენ. სამკაულს, ფერად ძაფებს, ფოჩიან კანფეტს.
იმერეთში სცოდნიათ ჩიჩილაკის ენდროთი შეფერადება. კალპი მარადმწვანე სუროსაგან და წითელმარცვლიანი კურკანტელის ლერწებისაგან მოწნული რგოლია, რომელსაც ჩიჩილაკის ზემოდან ბურბუშელის შეკრების ადგილას დგამდნენ. კალპზე დებდნენ ყველითა და კვერცხით შეზავებულ გულამოჭრილ კვერცხს, ბოკელს, ზემოდან ადგამდნენ ყვინჩილებიან ჯვარს. კალპის დადგმა ჩიჩილაკისთვის აუცილებელი არ იყო.
კალპის მსგავსად რაჭაში მზადდებოდა გვერგვი, რომელიც რიტუალში დამოუკიდებლად მონაწილეობდა.
ჩიჩილაკის მსგავსად ხის ტოტების შემკობა და საჩუქრად მირთმევა სცოდნიათ საქართველოს სხვა კუთხეებშიც. ასეთი იყო სახადის განმგებელთათვის, "ბატონებისათვის" მისართმევი ხე; საჩუქრებითა და ხილით შემკულ ხეს, "მაშხალას" მიართმევდნენ ხოლმე ხევში ნეფე-დედოფალს.
სვანეთში მიცვალებულის სახელზე აკეთებდნენ ე. წ. "კამარას", რისთვისაც ზრდადასრულებული, ტანმაღალი ხის წვერს მიწამდე მოხრიდნენ და დაამაგრებდნენ, ხოლო ზედ სხვადასხვა შესაწირავს დაჰკიდებდნენ.
ჩიჩილაკი და სხვა რიტუალური ხეების რწმენა სათავეს იღებს ცხოვრების ხესა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული იდეებიდან. ანალოგიური რწმენები გავრცელებულია ევროპის მრავალ ხალხში.
ფიქრობენ, რომ ჩიჩილაკი თავისი ბურბუშელებით მზის სხივებსაც განასახიერებდა. მის თავზე ჯვრის გამოსახულებას აკეთებდნენ და ჩირით, ხილით, სუროს ფოთლებით რთავდნენ. მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საახალწლო ხონჩაზე. ნათლისღების წინა დღეს კი ბასილას წვერებს წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს. ზეპირგადმოცემით, თითქოს პირველი ჩიჩილაკი ღვთისმშობლის მეუღლემ, მართალმა იოსებმა (იგი ხომ ხურო იყო) გაუკეთა პატარა იესოს გასართობად.
დროთა განმავლობაში საახალწლო მორთულობებში წამყვანი ადგილი ნაძვის ხემ დაიკავა.
გერმანული მოდგმის ხალხებში უძველესი დროიდან არსებობდა რწმენა, რომ მარადმწვანე მცენარეები სასიკეთო გავლენას ახდენენ მოსავლიანობაზე. ამიტომ ტოტები, ან მთელი ხეც მოჰქონდათ სახლში. ეკლესია ებრძოდა ამ წარმართულ ჩვეულებას, მაგრამ მერე დააკანონა და შობას დაუკავშირა. უჭკნობ სიმწვანეს აღიქვამდნენ, როგორც მარადიულ სიცოცხლეს. ნაძვის სამკუთხა კონტური წმინდა სამებას გამოხატავდა. ნაძვს რთავდნენ ვაშლებით, რითაც ის სამოთხის ხეს განასახიერებდა. ასევე, მასზე კიდებდნენ ვაფლის ნაჭერს, რომელიც ზიარების პურის სიმბოლო იყო. ნაძვის წვერს კი რთავდნენ "ბეთლემის ვარსკვლავით".
სავარაუდოა, რომ საქართველოში ნაძვის ხის მორთვა საახალწლოდ რუსეთიდან შემოვიდა. დღეს ქართულ ოჯახებში ისევ მკვიდრდება ჩიჩილაკი და იკავებს ადგილს ნაძვის ხის გვერდით.
მომზადებულია სხვადასხვა ინტერნეტწყაროების მიხედვით