2014 წლის 23 ნოემბერს არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა „სოციალური პარტნიორობა" ქობულეთში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება გახსნა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ორგანიზაციამ თხოვნით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეხსნა პანსიონური მომსახურების სერვისი საჯარო სკოლის სივრცეში, რაზეც სამინისტროსგან უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ამ ფორმით პანსიონური მომსახურების განხორციელება ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას.
2014 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:
დაწესებულება გათვლილია 50 აღსაზრდელზე. ამჟამად იქ ირიცხება 7-დან 12 წლამდე ასაკის 13 აღსაზრდელი, რომლებიც 2 სადღეღამისო სააღმზრდელო ჯგუფში არიან განაწილებული. ამ ეტაპზე დაწესებულებას მინიჭებული არ აქვს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ან პანსიონის სტატუსი და მასში არასრულწლოვანი ბენეფიციარები განთავსებული არიან ააიპ „სოციალური პარტინიორობისა" და მათ კანონიერ წარმომადგენლებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. დაწესებულებას ჰყავს 4 აღმზრდელი, რომლებთანაც დადებულია 3 თვიანი ხელშეკრულებები გამოსაცდელი ვადით. სააღმზრდელო დაწესებულებაში არ ჰყავთ ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი.
აღსაზრდელები იღებენ ზოგად განათლებას. საჯარო სკოლაში ბენეფიციარების ტრანსპორტირებას სააღმზრდელო დაწესებულება უზრუნველყოფს. ორგანიზაციის მენეჯერის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბავშვებზე დაკვირვება მათი საჭიროებებისა და ინტერესების გამოსაკვეთად. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, აღსაზრდელები არაფორმალური განათლების ფარგლებში არ არიან ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. ასევე, დაწესებულებაში არ არის შემუშავებული აღსაზრდელთა ინდივიდუალური განვითარებისა და მომსახურების ინდივიდუალური გეგმები.
დაწესებულება დღევანდელი მდგომარეობით, არც სკოლა-პანსიონია და არც მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი. შესაბამისად, დაწესებულების ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. აღნიშნული ბავშვთა სახლის გახსნა ეწინააღმდეგება სახელწიფო პოლიტიკას ბავშვზე ზრუნვის სფეროში, რაც გულისხმობს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფას და დიდი ზომის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების გაუქმებას.
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს აღნიშნული საქმის შესწავლას და იგეგმება შემდგომი ღონისძიებების განხორციელება დაწესებულებაში განთავსებულ ბავშვთა უფლებების დასაცავად.