სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი, ,,კურიერთან" საუბარში რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ინტეგრაციის ე.წ. ხელშეკრულების პროექტს სახიფათოს უწოდებს.
„სახიფათო იქნება, როცა უკვე საკანონმდებლო ორგანოები რუსეთში დაიწყებენ მიღებაზე მუშაობას. მაგრამ, რაც იმ პროექტში სწერია, იქ უკვე ჩანს, რომ დე ფაქტო ხდება ანექსია, მაგრამ დეიურე არ ხდება. იქ რაც სწერია, მითუმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, იგივე ჯანდაცვის, პროკურატურის და ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით, ჩანს, რომ მთლიანად რუსეთის სამინისტროების და ორგანოების დაქვემდებარებაში შედიან უკვე ცხინვალის სტრუქტურები," - აცხადებს დიმიტრი სანაკოევი.
რუსული მედია რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის დაგეგმილი ახალი შეთანხმების პროექტს აქვეყნებს.
ტექსტის თანახმად, რომელიც "ვედომოსტიში" დაიბეჭდა, იგეგმება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ინტეგრაცია. გაერთიანდება რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის არმია და ძალოვანი სტუქტურები, მათ შორის სპეცსამსახურები.
ამასთან მოსკოვი იღებს ვალდებულებას კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებაზე. ასევე რუსეთი იქნება პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც.
შეთანხმების თანახმად, ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და საბაჟო კონტროლი გაუქმდება, რის შედეგადაც ხალხის გადაადგილება და ტვირთის მოძრაობა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
,,მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ახალი შეთანხმების გაფორმება მოსკოვსა და ცხინვალს შორის 2015 წლის დასაწყისში იგეგმება.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბორის ჩოჩიევის ცნობით, შეთანხმების ტექსტმა ხელმოწერამდე შესაძლოა გარკვეული ცვლილება განიცადოს.