გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში ოჯახში გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს პაციენტის მეუღლე ფიზიკურად გაუსწორდა. ,,რუსთვაი-2"-ის ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმმა პაციენტის გადაყვანა დამატებითი კონსულტაციებისთვის გორის საავადმყოფოში გადაწყვიტა.
არსებული ინფორმაციით, ნასვამი კაცი ექიმის ამ გადაწყვეტილებამ გააღიზიანა და ეკა გოჩიაშვილს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
ექიმს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ამ დროისათვის ექსპერტიზაზე იმყოფება, მანამდე კი ის სამართალდამცველებმა დაკითხეს.
გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მთავარი ექიმის თემო თანიაშვილის ინფორმაციით, გორში ექიმებზე თავდასხმა ხშირად ხდება.