დღეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გაეგზავნება თხოვნა 24 დეკემბრიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.
პარლამენტი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომებზე საბოლოო - მესამე მოსმენით რამდენიმე კანონპროექტს განიხილავს, მათ შორის კანონპროექტს „ნარჩენების მართვის კოდექსი" და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს, ასევე რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტს.
ბიურომ კონკრეტული კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზეც მიიღო გადაწყვეტილება.
საერთოდ, რიგგარეშე სესიაზე კანონმდებლები ორმოცდაათზე მეტი საკითხის განხილვას გეგმავენ.
რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში შესულია აგრეთვე საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი. ეს საკითხი წარმოადგენს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივას.
ამ თემაზე ინიციატივა წარმოადგინეს ასევე საპარლამენტო უმცირესობაში შემავალმა ფრაქციებმა.
ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელა.
მანანა კობახიძემ პარლამენტარების სახელით, ღრმა მწუხარება გამოხატა უკრაინაში ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და თანადგომა და თანაგრძნობა აღუთქვა მის ოჯახს.
პარლამენტის ბიუროს შემდეგი სხდომა ოთხშაბათს, 24 დეკემბერს ქუთაისის პარლამენტის სასახლეში, 12:00 საათზე გაიმართება.
ამ დღესვე იგეგმება პარლამენტის პლენარული სხდომის გამართვა.