შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ე. წ. მოსმენების კანონის გასაუმჯობესებლად მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება და უწყება ამ მიზნით არასამთავრობო სექტორს წარმომადგენლებთან აუცილებლად ითნამშრომლებს.
„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ პროცესს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა არც კარი, არც გასაღები. პრაქტიკულად, იყო უკონტროლო. გვაქვს ახალი სტანდარტი, რომელსაც აწესებს კანონმდებლობა და ეს არის ორი გასაღების პრინციპი, აქედან ერთ-ერთი აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს,რომელიც არის გარე კონტროლის მექანიზმი. შესაბამისად, ეს არის ბევრად უკეთესი სტანდარტი. სისტემის გაუმჯობესებისთვის მომავალშიც გაგრძელდება დიალოგი და არასამთავრობო სექტორთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ, მოვისმენთ მათ რეკომენდაციებს და შემოთავაზებებს. ამ ეტაპზე კანონმდებლობაში არის იმ სახით, როგორიც მოხდა მხარეებს შორის შეთანხმება. ეს იყო მაქსიმალურად მონაწილეობითი პროცესი. თქვენ ადევნებდით ამას თვალს. რაც შეეხება,მომავალში იქნება შემდეგი წლის განმავლობაში თუ შემდეგი 5 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ცვლილებაზე მთავრობა მზად არის დიალოგისთვის", _განმარტა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი გააპროტესტა.
აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონი მოქალაქეებს უკანონო მოსმენებისგან არ იცავს.
„ნუ გვისმენთ!" - ამ შეძახილებით აქცია თბილისის საკანონმდებლო ორგანოსთან დაიწყო და მსვლელობით ოპერისა და ბალეტის თეატრისკენ გადაინაცვლა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ და მოსმენების კანონს გაასაჩივრებენ. პარალელურ რეჟიმში კი ისინი აქციების გაგრძელებას გეგმავენ.