ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია ,,აბააშის" ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ზუხბა ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, კანონმდებლობაში შეიტანოს ისეთი ცვლილებები, რომელიც ქართველების მიმართ სათანადო ზომების მიღებას ითვალისწინებს.
ზუხბას თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც საქართველოს ,,საოკუპაციო რეჟიმს ემხრობოდნენ და მათთან თანამშრომლობდნენ", იგივე უფლებებით არ უნდა ისარგებლონ, რა უფლებებიც აფხაზეთის მოქალაქეებს აქვთ.
,,მათგან ბევრი დღესაც აქ ცხოვრობს, მათ აქვთ აფხაზური პასპორტი და ყველა იმ უფლებით სარგებლობენ, რითაც ეთნიკური აფხაზები.
თუ ჩვენმა ხელისუფლებამ ვინც მტერთან თანამშრომლობდა იმ ხალხს ისეთივე უფლებები მიანიჭა, როგორიც ჩვენ გვაქვს, მაშინ ვინ შეუშლის ხელს, ეს უფლებები მომავალში ყველა იმ ადამიანს არ მიანიჭოს, ვისაც აფხაზეთში შემოღწევა და აქ მეხუთე კოლონის დაარსება უნდა?" - აცხადებს ზურაბ ზუხბა.
ის გამოდის ინიციატივით, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიდოს ისეთი მუხლი, როგორიცაა ,,სახელმწიფოს ღალატი" და ამ მუხლით დადგინდეს, რომ იმ პირებს, ვინც 1992-93 წლების ომის დროს ,,საქართველოს ოკუპაციურ მთავრობასთან" თანამშრომლობდა, ასევე მათი ოჯახის წევრებს, აფხაზეთის მოაქალაქის პასპორტის აღების, აფხაზეთის ტერიტოირაზე ცხოვრების და დროებით შესვლის უფლება ჩამოერთვათ.
ამავე კანონით, მსგავს პირებს უნდა ჩამოერთვათ ასევე, აფხაზეთის ტერიტორიაზე მათ კუთვნილებაში არსებული უძრავი ქონებაც.
,,ამ საკითხში ჩვენ ყველა ვეტერანი და მოსახლეობის უმრავლესობა გვიჭერს მხარს და არ გვესმის ხელისუფლების პოზიცია, რაც შეიძლება გაწელოს კანონმდებლობის განხილვის პროცესი. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ რაც უნდა ხალხს, ის არ უნდა ხელისუფლებას." - განაცხადა ზურაბ ზუხბამ.