დღეს, 16 დეკემბერს, 19:00 საათზე - თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოში თენგიზ აბულაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პირველი გრანდიოზული გამოფენა საქართველოს ხელოვნების სასახლეში მოეწყობა. საჯაროდ გამოიფინება რეჟისორის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური მასალა, როგორც მუზეუმის, ასევე ოჯახის პირადი არქივიდან.
წარმოდგენილი იქნება ფილმებზე მუშაობის დროს გადაღებული ფოტოები, ფიმლებისთვის გაფორმებული დეკორაციისა და კოსტუმების ესკიზები, კადრირებები, აფიშები, წერილები. ასევე, კოსტუმები ისეთი ფილმებიდან, როგორიცაა ფილმიდან ,,ნატვრის ხე"- ფუფალას კოსტუმი; ,,მონანიებიდან" - ქეთევან ბარათელის კოსტუმი და ნინო ბარათელის ლაბადა, შარფი. აგრეთვე იხილავთ რეჟისორის ფრაკს, რომელიც კანის კინოფესტივალზე ეცვა და იქნება უშუალოდ ნატვრის ხე, რომელიც შეიძლება ითქვას თენგიზის სავიზიტო ბარათია. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ყველაფრისა რაც იქნება გამოფენაზე გამოტანილი. დამთვალიერებელი შეძლებს იხილოს თენგიზ აბულაძისადმი მიძღვნილი ვიდეოკოლაჟი.
თენგიზ აბულაძის ფილმები ნაჩვენები იქნა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და არაერთხელ დაჯილდოვდა საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის მიღებული აქვს „გრან-პრი" კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალზე (მაგდანას ლურჯა); პრემია, „ვერცხლის ნეადა" პორეტა-ტერმეს (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალზე (სხვისი შვილები); იურის სპეციალური პრიზი - ოქროს „ფრთოსანი ჯიხვი" საუკეთესო რეჟისურისათვის თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე - 1977წ.; პრემია დონატელოს "დავითი" იტალიაში საერთაშორისო კონკურსზე - 1979წ.; კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი" კაბურში რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალზე - 1983წ. (ნატვრის ხე).
მასალის გამოყენების პირობები