მიმდინარე კვირის ბოლოს, 19 დეკემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მერვე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება. როოგრც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ განაცხადა, 19 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე საშემოდგომო სესიის დახურვასთან ერთად, ბიუროს წევრები რიგგარეშე სესიის მოწვევის თარიღზე და განსახილველ საკითხებზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ბოლო პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან დარჩენილი კანონპროექტები, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ მთავრობის მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" დაჩქარებული წესით განსახილველად წარმოდგენილ კანონპროექტზე შენიშვნები გამოთქვა. მისი განცხადებით, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს და მათი დაჩქარებული წესით განხილვის პირობებში კომიტეტს აღნიშნული საშუალება არ მიეცემა.
კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით მოსაზრებები ბიუროს წევრებმაც გამოთქვეს.
მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე კვირაში კომიტეტი კანონპროექტთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენას გამართავს და გადაწყვეტილებას საკითხის დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებით, პარასკევის ბიუროს სხდომას წარუდგენს.