ქალაქ გუდაუთის პარკში, 22 წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალთან ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოება და ოფიციალური პირები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.
სამგლოვიარო ცერემონიას დაღუპულთა ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
ოფიციალურ პირებს შორის ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა, რუსეთის ფედერაციის ელჩი სემიონ გრიგორიევი, ხაჯიმბას ადმინისტრაციის ხემძღვანელი ასტამურ ტანია და სხვა პირებიც იყვნენ.
1992 წლის 14 დეკემბერს ტყვარჩელიდან გუდაუთის მიმართულებით მფრინავი რუსეთის შეიარაღებული ძალების მი-8 ტიპის ვერტმფრენი, გულირიფშის რაიონის სოფელ ლათასთან ჩამოაგდეს. ვერტმფრენს, რომელსაც ქალაქ სამარის სამკაციანი ეკიპაჟი მართავდა, ტყვარჩელის ბლოკადიდან გუდაუთისკენ 82 მგზავრი გადაჰყავდა, მათ შორის 30 ქალი და 32 ბავშვი.
ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა. ცხედრები გუდაუთაში გადაასვენეს და ქალაქის პარკში დაკრძალეს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ქართველ მეომრებს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ომის დროს ქართული მოსახლოების მიმართ სისასტიკით განთქმული აფხაზი ასლან ზანთარია და მისი თამნამებრძოლი ვლადიმერ ანცუპოვი 14 დეკემბერს ტყვარჩელის დატოვებას რუსული ვერტმფრენით აპირებდნენ.
ტრაგედიის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლათაში ჩამოგდებულ ვერტმფრენში მართლაც იმყოფებოდნენ ასლან ზანთარია და ვლადიმერ ანცუპოვი. მათთან ერთად შემთხვევის ადგილზე კიდევ 12 მეომრის გვამი აღმოაჩინეს, მათ შორის იყვნენ ორი დაქირავებული ადიღი და ერთი დაჭრილი რუსი ჯარისკაცი.
ამ ფაქტით დადასტურდა, რომ ბლოკირებულ ტყვარჩელში ე.წ. ჰუმანიტარული ავიარეისებით რუსებს ცოცხალი სამხედრო ძალაც და დაჭრილებიც გადაჰყავდათ, თუმცა დღემდე უცნობია, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, იცოდა თუ არა ქართულმა მხარემ რომ ვერტმფრენში სამხედროების გარდა ქალები და ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
არსებობს კიდევ ერთია ვერსია, რომელსაც ტყვარჩელელი ქართველები ახმოვანებენ. მათი მტკიცებით, ვერტმფრენი ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქდა და ტრაგედია ზედმეტმა ტვირთმა გამოიწვია.
ტყვარჩელის ერთ-ერთი მკვიდრის მტკიცებით, ის არის იმ ფაქტის თვითმხილველი, თუ როგორ ეუბნებოდა პილოტთაგან ერთი ხალხს, რომ მგზავრთა ასეთ რაოდენობას ვერტმფრენი ვერ გაუძლებდა და ამიტომ ყველას წაყვანა შეუძლებელი იყო.
,,მიუხედავად გაფრთხილებისა, ადგილზე შეკრებილთაგან ყველა ავიდა სალონში, რამაც საბოლოოდ ტრაგედია გამოიწვია." - აცხადებს შემთხვევის თვითმხილველი.