იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს ანგარიშს (ODHIR) გამოახმაურა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში არსად არაა მითითებული, რომ მოსამართლეს ვინმესგან გარე ზეწოლა ემუქრება. თუმცა მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განმარტა, რომ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელობამ უნდა აღიაროს, სისტემაში არსებული პრობლემები.
,,ODHIR-ი მოიწვია ჩვენმა ხელისუფლებამ იმისითვის, რომ მონიტორინგი ჩაეტარებინა გახმაურებულ საქმეებზე და სწორედ ამ მონიტორინგის შედეგებია ამ დასკვნაში. დასკვნაში ცალსახად ჩანს ის, რომ მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც რამდენიმე ტალღად მიმდინარეობის არის წარმატებული. ვერსად ვერ ნახავთ, ODHIR-ი თვლიდეს, რომ ამ ანგარიშის მიხედვით მოსამართლეს გარე ზეწოლა ემუქრება ვინმესგან. ეს არის საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებული პრობლემა, თუმცა სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელს მოუწევს აღიაროს, რომ მან სასამართლოს შიგნით პრობლემები ვერ მოაგვარა, რომ მას აქვს ისეთი პრობლემები როგორიცაა მოსამართლის შიდა დამოუკიდებლობა, ანუ მოსამართლის დამოუკიდებლობა სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელებისგან. ეს არ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ისიც, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელობამ უნდა აღიაროს, რომ ODHIR-ის ანგარიშის მიხედვით, მოსამართლეებს სჭირდებათ უნარ-ჩვევები, რომლებიც არ აქვთ, სჭირდებათ პროფესიონალიზმის ამაღლება სისხლის სამართლის საქმეებში", _განაცხადა მინისტრმა.
დარღვევები სასამართლო პროცესებში და შესაძლო ზეწოლა მოსამართლეებზე - ამ მოვლენებზეა ლაპარაკი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს ანგარიშში საქართველოს შესახებ.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 14 საქმეზე, რომლებიც ეხება ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიას და სხვებს.
"ოფიციალური პირების კომენტარები სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით მიანიშნებდა სისხლის სამართლებრივ დევნაზე მათი კონტროლის ან გავლენის არსებობაზე, რაც პოტენციურად ზემოქმედებას ახდენდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე პროკურატურის მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალურობის შესახებ. საზოგადოებაში არსებული ეჭვები, მთავარი პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით არ უწყობდა ხელს საზოგადოებრივი ნდობის გამყარებას სისხლის სამართლის სისტემისადმი და არ იძლეოდა მისი პოლიტიკური ნეიტრალურობის გარანტიას."