სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში უწყების ხელმძღვანელის მოადგილედ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის ანზორ ჩუბინიძის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
,,აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება", _განუცხადეს ,,ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
,,ნაცმოძრაობის" დეპუტატის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ ინიშნება.
,,უკვე რამდენიმე დღეა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სიარული დაიწყო ანზორ ჩუბინიძემ. (ამ სამსახურის და ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა). ჩემი ინფორმაციით, ის მოადგილის პოსტზე დანიშვნას ელოდება. ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთ სამსახურში მიუჩინა მეთვალყურე. ივანიშვილის ურჩევნია, მისი ყველა მონა სუსტი იყოს. თავშიც აზრადაც რომ არ გაივლონ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის წამოწყება", _წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი.