"ძალიან სამწუხაროა, რომ კოტე კუბლაშვილი აგრძელებს ჩემი რეფორმატორული სულისკვეთებისთვის წინააღმდეგობის გაწევას", _ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის მიერ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას.
მისივე განმარტებით, კუბლაშვილს მოუწევს აღიარება, რომ სასამართლო სისტემაში ხარვეზები არსებობს.
..ორი წელია ვთხოვ, აღიაროს, რომ სასამართლო სისტემის შიგნით არის პრობლემები. ამას ჯიქურად არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის შიგნით ყველაფერი კარგად არის. ძალიან ცუდია, რომ არსებული პრობლემების და ხარვეზების აღიარება არ ხდება, მაგრამ დღეს თუ არა ხვალ კოტე კუბლაშვილს ალბათ მოუწევს ამის აღიარება. მე პირადად მასზე დიდ იმედებს აღარ ვამყარებ იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმატორი გახდება და ამ მანტიით დატოვებს მართლმსაჯულებას, მაგრამ ძალიან დიდ იმედს ვამყარებ, რომ მომავალი ხელმძღვანელი იქნება რეფორმატორი, რომელთან ერთადაც ბოლომდე მივიყვან მართლმსაჯულების რეფორმას", - განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, რომ თეა წულუკიანი როგორც კი იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, მოსამართლეებზე ზეწოლის გზით გავლენის მოხდენას ცდილობდა.