დღეს, 9 აპრილს, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონების დღე გორში ტრადიციულად 9 აპრილის სახელობის სკვერში აღინიშნება, სადაც აღევლინება 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
პანაშვიდს დაესწრებიან ქალაქის საზოგადო მოღვაწეები, 9 აპრილის მოვლენების მონაწილენი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სულებისათვის კიდევ ერთხელ ილოცებენ.
"9 აპრილის მიტინგის დარბევამ დააჩქარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, თუმცა ამას გულანთებული ადამიანები შეეწირნენ მსხვერპლად. მიუხედავად ამისა, ამ მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია და 1991 წლის 9 აპრილს მთელმა საქართველომ იზეიმა ქვეყნის დამოუკიდებლობა'', - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა გივი ხუროშვილმა.