ორი წლის წინ არჩევნებში საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიციის - „ქართულმა ოცნების" გამარჯვების შემდეგ, საქართველოს საშინაო პოლიტიკა არაკომპეტენტურობისა და შურისძიების მავნე ნაზავად წარმოჩინდა, წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist.
გამოცემის სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ დღევანდელი საქართველო სტაგნაციურ და დაბნეული ქვეყნის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც ორიენტირები აერია.
„ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გუნდს გაუმჭვირვალობის გამო აკრიტიკებდა და თავს ესხმოდა, თვითონ არანაკლებ გაუმჭვირვალე, ერთგვარი ჩრდილოვანი სახელმწიფო შექმნა", - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ოფიციალური თანამდებობა აღარ აქვს, ის ქვეყანაში მაინც გადაწყვეტილების მიმღებ ყველაზე მნიშვნელოვან პირად რჩება. იგი პერიოდულად ეშვება ხოლმე თბილისის თავზე, მთაზე განლაგებული თავისი სამფლობელოდან, რათა პოლიტიკური ნება აისრულოს".