„აფხაზეთი არის საქართველოს რეგიონი და ჩვენ არ შეგვიძლია ვაღიაროთ ე. წ. „ხელშეკრულება", რომელიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული" - ნათქვამია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტის ჟან-კლოდ ფრეკონის განცხადებაში, რომელიც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ეგრეთ წოდებული „ხელშეკრულების" ხელმოწერას ეხმაურება. ეს ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და აფახაზეთის სეპარატისტულ რეგიონს შორის 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კონგრესმა საკუთარი პოზიცია 2014 წლის ოქტომბრის სესიაზე გამოხატა და წევრ ქვეყნებს მოუწოდა დაიცვან „საერთაშორისო სამართლის პრინციპები, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა".
კონგრესის პრეზიდენტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსა და უკრაინაში ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებს და აღნიშნავს, რომ ეს ეწინააღმდეგება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებას.