ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ყველანაირ დახმარებას მიესალმება, ოღონდ ქართული მხარისგან დამოუკიდებლად, მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე.
,,ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ, გვაღიარებს ვინმე თუ არ გვაღიარებს, ჩვენ მოვიპოვეთ ეს დამოუკიდებლობა და ვაშენებთ თავისუფალ სახელმწიფოს. ამიტომ, გვინდა განვვითარდეთ ისე, როგორც წესი და რიგია." - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაეროს სხვადასხვა მისიის წარმოამდგენელთან საუბრისას.
საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს სამომავლო პროექტები გააცნეს, რომელთაგან ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების და სიცოცხლის გადარჩენის მიზნით სქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას ითვალისწინებს.
სწორედ ამ საკითხის განხილვისას აღნიშნა ხაჯიმბამ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ დახმარებას, თუ გაეროს წარმომადგენელთა მიერ შეთავაზებული წინადადებები აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში განხორციელდება.
,,სხვა პირობით გაწეული დახმარება უფრო საზიანო იქნება აფხაზეთისთვის, ვიდრე - სასარგებლო." - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
შეგახსენებთ, გაეროს მუდმივი კოორდინატორი და საქართველოში გაეროს პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი სიმონე ვოლკენი და იუნისეფის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი ალექსანდრ გრაუმანი რაულ ხაჯიმბას სოხუმში 2 დეკემბერს შეხვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები