გადასახადების გაზრდის საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტას პარლამენტი არ იზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მხრიდან ჯერჯერობით არ ხმაურდება ახალი ეკონომიკური პაკეტის დეტალები, გილაურის ბაქრაძესთან შეხვედრისას არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობის ერთ-ერთი ინიციატივა ითვალისწინებს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, რომლის თანახმად გადასახადების გაზრდის საკითხი გადაწყდება რეფერენდუმის გზით.
ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს ინიციატივა პარლამენტში გაზიარებული არ იქნა.
"გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარების პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს", _ განაცხადა დემეტრაშვილმა.
მისი თქმით, დღის წესრიგში დაწესბეული გადასახადების გადახედვის საკითხის დაყენების შემთხვევაში უმჯობესია საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურა მაქსიმალურად იყოს გართულებული. დემეტრაშვილი მთავრობას და პარლამენტს სთავაზობს, რომ გადასახადების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ორი მოწვევის პარლამენტის მიერ იყოს შესაძლებელი.
აღსანიშნავია რომ ეკონომიკური მიმართულებით კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერი გაკეთდება და როგორც დემეტრაშვილი აცხადებს, "მასში მკაფიოდ დაფიქსირდება ეკონომიკური თავისუფლების დაცვის პრინციპი". მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი ეკონომიკური პაკეტი პარლამენტში განსახილველად მაქსიმუმ ორ კვირაში შემოვა მანამდე კი ახალი ინიციატივის შესახებ დეტალები არ ხმაურდება.